მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლატვია რუსეთის 850-მდე მოქალაქეს ქვეყნის დასატოვებლად ვადას 13 ოქტომბრამდე აძლევს

რუსეთი

ლატვიის მთავრობა რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყანას ატოვებინებს და ამისთვის ბოლო ვადად 13 ოქტომბერი განსაზღვრა. ამის მიზეზად მათ მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა დასახელდა, მათ შორის ლატვიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული უსაფრთხოების შემოწმების გავლა.

ლატვიამ საიმიგრაციო კანონები პირველად 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაამკაცრა, შემდეგ კი, 2024 წლიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის წესები კიდევ უფრო გამკაცრდა.

განახლებული რეგულაციების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა მიეღოთ ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსი, დაემტკიცებინათ ლატვიური ენის A2 დონეზე ცოდნა და გაევლოთ ეროვნული უსაფრთხოების შემოწმება.

ცვლილებები რუსეთის დაახლოებით 30 000 მოქალაქეს შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, ან დაემორჩილა ახალ მოთხოვნებს, ან ნებაყოფლობით დატოვა ქვეყანა (დაახლოებით 2 600) 841 პირმა საჭირო დოკუმენტაცია დროულად ვერ წარადგინა.

ვადის გასვლის შემდეგ, ისინი ლატვიაში არალეგალურად მცხოვრებ პირებად ჩაითვლებიან. მათ საჯარო სერვისებზე წვდომა შეუწყდებათ, ხოლო კანონის დარღვევის მსურველებს ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის მხრიდან იძულებითი დეპორტაცია შეიძლება დაემუქროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები