მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატვიის არჩევნებში მმართველმა პროევროპულმა პარტიამ ხმების 45%-ზე მეტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა

ლატვიის არჩევნები

ლატვიის მე-15 მოწვევის სეიმის არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის პარტია "გაერთიანებულმა სიამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საარჩევნო ბიულეტენების 99.9%-ის დათვლის შემდეგ მმართველმა ძალამ ამომრჩეველთა ხმების 35% მიიღო, რაც 100-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 42 საპარლამენტო მანდატს უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ გამარჯვება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მოიპოვა და კონკურენტებს პოზიციები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის ექვს საარჩევნო ოლქში დაუთმო. ამ შედეგით პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში დომინანტური პოზიცია დაიმკვიდრა.

როგორც შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მედიას პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, ის მიზნად მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას ისახავს. სავარაუდოა, რომ გამარჯვებული ლიდერი სამთავრობო კოალიციაში "გაერთიანებულ სიასთან" ერთად 10 მანდატის მქონე "ეროვნულ ალიანსსა" და 7 მანდატით წარმოდგენილი "ახალ ერთობას" მიიწვევს. ეს ალიანსი ახალ მინისტრთა კაბინეტს 59 დეპუტატის მხარდაჭერით უზრუნველყოფს და მუშაობისთვის სტაბილურ უმრავლესობას შექმნის. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს დანარჩენ შემადგენლობას, ოპოზიციურ ფლანგზე 17 მანდატით პარტია "ლატვია უპირველეს ყოვლისა", 15 მანდატით "სუვერენული ძალა" ხოლო 9 მანდატით "პროგრესულები" იქნებიან წარმოდგენილი.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი მთავრობის ფორმირების ოფიციალურ პროცედურას უახლოეს დღეებში დაიწყებს. სახელმწიფოს მეთაური პრემიერობის კანდიდატს მინისტრთა კაბინეტის შესადგენად, სამთავრობო დეკლარაციის მოსამზადებლად და პორტფელების გადასანაწილებლად დაახლოებით ერთკვირიან ვადას მისცემს.

კოალიციური შეთანხმების გაფორმების შემდეგ ახალ სამთავრობო შემადგენლობას სეიმი კენჭს უყრის და საქმიანობის დასაწყებად საჭირო ნდობას გამოუცხადებს.

ცნობისთვის, ანდრის კულბერგისის პარტიის მიერ მოპოვებული 42 მანდატი ლატვიის საპარლამენტო ისტორიაში ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიღწეული საუკეთესო შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები