მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავანდის პროდუქტებზე ცნობადობა ბოლო პერიოდში გაზრდილია – „ტოტოს ლავანდები“

643815554c4ef
სალომე ხიდურელი
14.04.23 10:00
993
ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ბრენდის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი დამფუძნებელი ნინო სანიკიძე საუბრობს.

„ბრიტანული ლავანდის პირველი ნერგები საქართველოში პანდემიის დროს ჩამოვიტანე და საგურამოსთან ახლოს, ახალსოფელში ერთ ზოლად საცდელად გავაშენე. გაამართლა, ყვავილებმა გაიხარა და მცირე პლანტაციაც გავაშენეთ.

პირველ რიგში გვინდოდა, ლავანდის ეთერზეთი გვეწარმოებინა და ამ მიმართულებით მუშაობა შარშან ზაფხულს დავიწყეთ. პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს თვითონ ამ მცენარეს და უკვე ვცდილობთ, მუდმივად გავაფართოოთ ასორტიმენტი. ამ ეტაპზე გვაქვს ლავანდის ეთერზეთები, ლავანდის დისტილირებული წყალი (რომელიც როგორც საყოფაცხოვრებო მიზნებით, ისე თავის მოვლისთვის გამოიყენება), საშეები (გარდერობში დასადები ბალიშები), ასევე გვაქვს როლერები, რომელიც ლავანდისა და წიპწის ზეთითაა დამზადებული და საფეთქლებზე წასასმელად გამოიყენება, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შესანიშნავია, ასევე, ძილის პრობლემების, ინსომნიის დროს“, - ამბობს ნინო სანიკიძე.

მისი თქმით, კომპანია წარმოებაში სულ მალე ჩაუშვებს მასაჟის ზეთებსა და საპნებსაც.

როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი განმარტავს, ბრენდის პროდუქცია ამჟამად მხოლოდ ონლაინ, მათი სოციალური გვერდების საშუალებითა და ონლაინ მაღაზია Extra.ge-ზე რეალიზდება, თუმცა მოლაპარაკებებს კონცეპტ-მაღაზიებში შესასვლელად უკვე აწარმოებენ, სამომავლოდ კი ლავანდის ეთერზეთებს Amazon-ის პლატფორმაზეც განათავსებენ.

როგორც ნინო სანიკიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ლავანდის პროდუქციაზე ცნობიერება ქართველ მომხმარებლებში მხოლოდ ბოლო პერიოდში გაიზარდა, ბრენდის შექმნის პირველ ეტაპზე კი „ტოტოს ლავანდების“ პროდუქციით, ძირითადად, უცხოელი ტურისტები ინტერესდებოდნენ.

„როცა დავიწყეთ ამ პროდუქტების წარმოება, ბევრი კითხვა შემოდიოდა ქართველი მომხმარებლებისგან. თავიდან მხოლოდ ტურისტები იყვნენ დაინტერესებული, უხაროდათ ადგილობრივი წარმოების ლავანდის პროდუქტების ნახვა, რადგან შეჩვეულები არიან, ევროპაში მსგავსი პროდუქტი აქტიურად გამოიყენება მათ ყოველდღიურობაში.

ჩვენი დაკვირვებით, ლავანდის პროდუქტებზე ცნობადობა ბოლო პერიოდში უფრო გაზრდილია. ახლა უკვე ქართველებისგანაც წამოვიდა ინტერესი, რაც ძალიან გვახარებს“, - აღნიშნავს ნინო სანიკიძე.

რაც შეეხება ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებს, „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე მუშა-ხელის დაქირავება პრობლემური საკითხია.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი პლანტაციის გაშენების პერიოდში მუშა-ხელის პრობლემა იყო. როდესაც იქ მიწის სამუშაოებია ჩასატარებელი, თანამშრომლის მოძიება ძალიან გვიჭირს. მცირე მეწარმე ვარ და მუდმივ თანამშრომელს ვერ ავიყვან, მით უმეტეს, რომ სეზონური სამუშაოებია მხოლოდ და ამისთვის მუშა-ხელის მოძიება ძალიან რთულია.

მეორე ის, რომ მაღაზიები, რომლებიც ჩვენი პროდუქტით ინტერესდებიან და უნდათ, თავიანთ თაროებზე განათავსონ, არ ითვალისწინებენ, რომ მცირე მეწარმეები ვართ და საკმაოდ დიდ ფასდაკლებას ითხოვენ. ჩვენ ისედაც მინიმალურ მარჟებზე ვმუშაობთ, გვინდა, ჯერ გავაცნოთ ხალხს ეს ახალი პროდუქტი და ისედაც მცირე ფასნამატზე ვმუშაობთ“, - ამბობს ნინო სანიკიძე.

„ტოტოს ლავანდების“ პროდუქციის ფასები 5 ლარიდან იწყება და 50 ლარს არ აღემატება. რაც შეეხება ლავანდის ნერგებს, რომლებსაც კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს, მათი ფასიც ასევე 5 ლარია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები