მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვი რუბიოსთან შესახვედრად მზაობას გამოთქვამს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად მზადაა. რუსული მედია Ria Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პირველმა დიპლომატმა შეხვედრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"სახელმწიფო მდივან რუბიოსა და მე გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია. ის საჭიროა უკრაინის საკითხის განსახილველად და ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ამიტომაც ვსაუბრობთ ტელეფონით და როცა საჭირო იქნება პირისპირი შეხვედრაც გავმართოთ", - განაცხადა ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ მის ამ განცხადებას წინ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დაანონსება და შემდგომ გაურკვეველი ვადით გადავადება უძღოდა. მაშინ მხარეებმა განმარტეს, რომ “შეხვედრა შეხვედრისთვის” არ უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტის წინ ტრამპმა დააანონსა, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რუს კოლეგას შეხვდებოდა. მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის პირველ დიპლომატს შეხვედრის ორგანიზებაც დაავალა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ რუსული მხარე არავითარი პოზიციის დათმობას არ აპირებდა. შესაბამისად, შტატების პირველმა დიპლომატმა სამიტის გაურკვეველი ვადით გადავადების შესახებ განაცხადა.

ანალიტიკოსები მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებიან და მიიჩნევენ, რომ რუსეთს მიერ მზაობის გამოხატვა შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ Rosneft-ისა და Lukoil-ის დასანქცირებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. მათი შეფასებით, რუსეთისათვის სწორედ ამ მტკივნეულმა ნაბიჯმა უბიძგა ქვეყნის პირველ დიპლომატს, ამერიკელი კოლეგისთვის პირისპირ შეხვედრა შეეთავაზებინა.

ჯერჯერობით, უცნობია, დათანხმდება თუ არა რუბიო ლავროვის შეთავაზებაც და უცნობია ის საკითხებიც, რისი გაჟღერებაც რუსულ მხარეს სურს. პოლიტიკის ექსპერტები მოელიან, რომ თუ ორი უმაღლესი დიპლომატის შეხვედრა დადებითად წარიმართა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაანონსებული და შემდგომ გადავადებული ტრამპი-პუტინის შეხვედრა მნიშვნელობას კვლავ შეიძენს.

ცნობისთვის, მარკო რუბიო რესპუბლიკური პარტიის იმ პოლიტიკურ ფლანგს მიეკუთვნება, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებს, ასევე რუსეთს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრისთვის აკრიტიკებს და ეწინააღმდეგება რუსეთის ძალაზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები