მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვის გამოსვლის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათ შორის იყო ბოჭორიშვილიც

მაკა ბოჭორიშვილი

მალტაში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლისას დელეგატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

მათ შორის იყვნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის დელეგატები. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც დატოვა დარბაზი ლავროვის გამოსვლის დროს.

ეს ლავროვის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილს, მან საკუთარ გამოსვლაში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს", - თქვა მან.

თუმცა 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამ განცხადების შემდეგ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება, სადაც მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ამას გარდა, ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და გაიმეორა, რომ "მთავრობა დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები