მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგალური დასაქმება ევროპაში - რამდენად ახლოსაა საქართველო შესაბამის ხელშეკრულებებთან?

5e1c83ff9312f
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.20 19:55
2943
საქართველო ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს,- ამის შესახებ BM.GE-ის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განუცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა გარკვეული პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ლეგალური შრომითი მიგრაცია ქვეყნებს შორის დაიწყოს.

გარდა საფრანგეთისა, საქართველო მოლაპარაკებებს ცირკულარულ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით აწარმოებს გერმანიასა და ბულგარეთთან.

“აქტიური მუშაობა და მოლპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემები შევქმნათ. სწორედ დასაქმების სააგენტო იქნება ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებების აღმასრულებელი უწყება. დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფს ლეგალური შრომითი მიგრაციის პროცესში ჩვენი მოქალაქეების ჩართვას მათი და მიმღები ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე.

საფრანგეთთან ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია. საჭიროა, ბიზნესპროცესები გაირკვეს, როგორ მოხდება მოქალაქეების გაგზავნა საფრანგეთში, რა ვალდებულებებია ჩვენი და საფრანგეთის მთავრობების მხრიდან. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ბულგარეთთან, გერმანიასთან”, - აცხადებს თამილა ბარკალაია.

მისი თქმით, მათ გეგმაა, რომ 2020 წელს დაიწყონ პროცესი და მინიმუმ ერთ ქვეყანასთან ლეგალური შრომითი მიგრაციის მექანიზმი ამუშავდეს.

“რაც შეეხება კვალიფიკაციას, ბევრი კითხვაა, რამდენად შეესაბამება ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია ევროპის კვალიფიკაციას და ა.შ. ჩვენ, დასაქმების სააგენტო, მინიმალურ სამუშაო კვალიფიკაციას შევძენთ ჩვენს სამუშაო ძალას, ეს კვალიფიკაცია გამყარდება ევროპაში, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან ქვეყანაში და მონაწილეობას მიიღებენ ქართულ შრომით ბაზარზე”, - აცხადებს თამილა ბარკალაია.

რამდენიმე კვირის წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2 მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და მას მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები