სათამაშოების მწარმოებელმა დანიურმა გიგანტმა LEGO-მ რევოლუციური სიახლე - ე. წ. “ჭკვიანი აგური” წარადგინა, რომელიც ბავშვებისთვის თამაშის გამოცდილებას სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანს.
ახალი პროდუქტი ტრადიციული "ლეგოს" კუბიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰიბრიდია. კომპანიის ინფორმაციით, ეს არის არა უბრალოდ მანათობელი დეტალი, არამედ ინტერაქციული ელემენტი, რომელიც ფიზიკურ აგურებს ციფრულ სამყაროსთან აკავშირებს.
„ჭკვიანი აგური“ აღჭურვილია სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ სხვა დეტალები, მოძრაობა და ფერები, რაც აწყობილ კონსტრუქციებს აცოცხლებს. აგურს შეუძლია გამოსცეს ხმები ან შეიცვალოს განათება ბავშვის ქმედებების საპასუხოდ. აწყობილი ფიგურები შესაძლოა მომენტალურად აისახოს შესაბამის მობილურ თამაშში ან ციფრულ გარემოში. ტექნოლოგია კი, ბავშვებს უბიძგებს, მეტი დრო დაუთმონ კონსტრუქციების ხელით აწყობას, რათა შემდეგ მიიღონ ახალი ციფრული ეფექტები.

LEGO-ს მიზანია უპასუხოს თანამედროვე გამოწვევას, რადგან ბავშვები დროის დიდ ნაწილს ეკრანებთან ატარებენ. ახალი ტექნოლოგიით კომპანია ცდილობს, ეკრანი აქციოს არა ფიზიკური თამაშის კონკურენტად, არამედ მის დამხმარე ნაწილად. „ჭკვიანი აგური“ LEGO-ს ყველაზე დიდი ინოვაციაა ბოლო წლებში.
LEGO SMART Play-ს გაშვება 2026 წლის 1 მარტს იგეგმება. პლატფორმა მომავალშიც განაგრძობს ზრდასა და განვითარებას ახალი განახლებების, პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დამატების გზით.
LEGO SMART Play ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი ნაკრებები LEGO Star Wars-ის სერიაში გამოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „შორეული გალაქტიკა“ ახლა უკვე მომხმარებლის ქმედებებზე რეაგირებასაც შეძლებს.


























