მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEGO-მ რეალური McLaren P1 ააწყო, რომელიც 65 კმ/სთ-ით დადის

ლანდო ნორისი / McLaren P1

მიმდინარე წლის დასაწყისში, დანიურმა LEGO-მ ლეგენდარული ფრენკ სტივენსონის დიზაინით შექმნილი ბრიტანული ჰაიპერქარის, McLaren P1-ის 60-სანტიმეტრიანი, 1:8 მასშტაბის მოდელი ააწყო. 3,893 კუბისგან შემდგარი ეს მანქანა, რომელიც LEGO Technic-ის სერიაში გამოვიდა და $500 ღირდა, კომერციულად იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დანიური კომპანიის ინჟინრებმა წარმოუდგენელი იკადრეს და LEGO-ს კუბებისგან რეალური ზომის McLaren P1 შექმნეს, რომელიც ყველაფერთან ერთად, 65 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს.

დანიური კომპანიის უახლესი პროდუქტი იმდენად კომპლექსურია, რომ მის შექმნას და აწყობას LEGO-ს ინჟინრებმა 8,344 საათი, ანუ 347 სრული დღე დაუთმეს. ჯამში, 1:1 მასშტაბის McLaren P1-ში ინჟინრებმა LEGO Technic-ის ტიპის 342,817-ზე მეტი კუბი გამოიყენეს, რომელთაგან ბევრი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, ანუ ამ პროექტის სახლის პირობებში გამეორება, ამ ეტაპზე, შეუძლებელი იქნება. LEGO-ს კუბების გარდა, ავტომობილში რეალური McLaren P1-ის ფოლადის ჩარჩოს და ბორბლებს ვხედავთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტრუქცია ადამიანის წონას ვერ გაუძლებდა.

რეალური McLaren P1-ისგან განსხვავებით, LEGO-ს ინჟინრების მიერ შექმნილი ეს მანქანა - ელექტრომობილია, რომელიც LEGO-ს 768 მცირე ზომის ელექტროძრავის დახმარებით მოძრაობს. ეს ძრავები კი V8-ის ფორმითაა განლაგებული, რომ McLaren P1-ის 3.8 ლიტრის მოცულობის ლეგენდარულ ძრავს მოგვაგონებს. საერთო ჯამში, ავტომობილი 1,220 კილოგრამს იწონის და 65 კმ/სთ-მდე ჩქარდება, როცა ნამდვილი, 1,395-კილოგრამიანი McLaren P1 350 კმ/სთ-ში სიჩქარით გადაადგილდება.

ეს ავტომობილი LEGO-მ McLaren-თან თანამშრომლობით შექმნა და Formula 1-ის ლეგენდარულ ტრეკზე, ბრიტანულ სილვერსტოუნზე გამოსცა - საჭესთან, ამ დროს, McLaren-ის ბრიტანელი პილოტი, ლანდო ნორისი იჯდა.

შეგახსენებთ, რომ ნატურალური ზომის ავტომობილების შექმნა LEGO-მ ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა LEGO Technic-ის ტიპის მილიონზე მეტი კუბის გამოყენებით Bugatti Chiron-ის ასლი შექმნა. ვიზუალურად და ტექნიკურად, ის ავტომობილი McLaren P1-ზე არანაკლებად შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ის მხოლოდ 19 კმ/სთ-ით დადიოდა. Bugatti Chiron-ის შექმნას და აწყობას LEGO-ს ინჟინრებმა 13,000 საათი, ანუ 541 სრული დღე დაუთმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები