მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ლელო-ძლიერი საქართველო“

"ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია",- ასე ეხმიანება „ლელო-ძლიერი საქართველო“ მისი ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობას.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზები მათი ამოსავალი პრინციპია.

"ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.

რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი",- აცხადებენ პარტიაში.

ალეკო ელისაშვილის დღეს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ელისაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მან ქმედება პროტესტის გამოსახატად ჩაიდინა.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები