"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმისწარმოება დაასრულა და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა", - ამის შესახებ განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ,,ლელო საქართველომ” გადაიხადა დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა.
"გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა.
შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.
კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.
სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი საბანკო ანგარიში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა.
თავად "ლელო - ძლიერ საქართველოში" განმარტავენ, რომ აღსრულების ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად ყადაღა უკავშირდება გორის ბიუროში განხორციელებულ ერთ-ერთ გადახდას, რომლის მოცულობაც 130 ლარს შეადგენდა და აღნიშნული გადახდა კანონის სრული დაცვით შესრულდა.



























