პოლიტიკური პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი საბანკო ანგარიში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს დააყადაღა.
"ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს", - განაცხადა კუპრაძემ.
საკითხზე BMG დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით განმარტებას ვერ გააკეთებენ, რადგანაც აღნიშნული კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.
თავად "ლელო - ძლიერ საქართველოში" განმარტავენ, რომ აღსრულების ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად ყადაღა უკავშირდება გორის ბიუროში განხორციელებულ ერთ-ერთ გადახდას, რომლის მოცულობაც 130 ლარს შეადგენდა და აღნიშნული გადახდა კანონის სრული დაცვით შესრულდა.
"130-ლარიანი, გორის ოფისში გაკეთებული გადარიცხვის გამო, რომლის ყველა სათანადო დოკუმენტაცია სახელმწიფო სტრუქტურებშიც დარეგისტრირებულია და პარტიის იურისტებს ხელში უჭირავთ, უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააყადაღეს პარტიის ანგარიშები", - აცხადებენ პარტიაში.
BMG საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.




























