მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლელოს" არა სრულ თანხაზე არამედ 1500 ლარზე დაედო ყადაღა - აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" მიმართ დადებულ ყადაღაზე განცხადებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ყადაღა სასამართლოს სააღსრულებო მოთხოვნის ფარგლებში დაედო პარტიის ანგარიშებს, რაც დაკისრებული ჯარიმისა და ბაჟის გადაუხდელობამ განაპირობა. ამასთან, ყადაღა 1500 ლარამდე თანხებზე ვრცელდება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ ,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს", - განაცხადა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

პარტიაში განმარტავენ, რომ აღსრულების ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად ყადაღა უკავშირდება გორის ბიუროში განხორციელებულ ერთ-ერთ გადახდას, რომლის მოცულობაც 130 ლარს შეადგენდა და აღნიშნული გადახდა კანონის სრული დაცვით შესრულდა.

"130-ლარიანი, გორის ოფისში გაკეთებული გადარიცხვის გამო, რომლის ყველა სათანადო დოკუმენტაცია სახელმწიფო სტრუქტურებშიც დარეგისტრირებულია და პარტიის იურისტებს ხელში უჭირავთ, უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააყადაღეს პარტიის ანგარიშები", - აცხადებენ პარტიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები