ლუის სუარესი და ლიონელ მესი, რომლებიც 2015 წლიდან საფეხბურთო მოედანზე პარტნიორები არიან, გადაწყვიტეს ურთიერთობა მოედანს მიღმაც განაგრძონ და ბიზნეს პარტნიორები გახდნენ.
სუარესმა ახლახან განაცხადა, რომ მან დააარსა პროფესიონალური საფეხბურთო გუნდი მშობლიურ ურუგვაიში, და ამ პროექტში მისი პარტნიორი “ინტერ მაიამიში” თანაგუნდელი, ლიონელ მესი იქნება.
სუარესის თქმით ყოფილი კლუბი, რომელიც Deportivo LS-ის სახელით იყო ცნობილი, ამიერიდან LSM-ის სახელით იასპარეზებს და ურუგვაის მეოთხე დივიზიონში ითამაშებს.
“Deportivo LS ჩვენი ოჯახური ოცნებაა, რომელიც 2018 წელს დაიწყო. მინდა ურუგვაის ფეხბურთს, იმ ადგილს, სადაც მე გავიზარდე, შევთავაზო შესაძლებლობები და საშუალებები, რომლითაც მოზარდები და ბავშვები გაიზრდებიან“ - განაცხადა ლუის სუარესმა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა როლს ითამაშებს მესი ამ პროექტში, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილი მოთამაშე ალვარო რეკობა გუნდის მწვრთნელი გახდება.
აღნიშნულმა განცხადებამ კლუბის ინსტაგრამის ანგარიში გამოაცოცხლა, რომელსაც შექმნიდან ორ საათში 40,000-ზე მეტი გამომწერი დაემატა.
სუარესმა და მისმა ოჯახმა 2018 წელს მონტევიდეოს გარეუბანში, Ciudad de la Costa-ში 20 ჰექტარი სპორტული კომპლექსი შეიძინეს. კლუბს ამჟამად ხელოვნური ბალახის სტადიონი აქვს და ტრიბუნებზე 1,400 მაყურებელი ეტევა.




























