ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’equipe ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ “სენტ-ეტიენში” გააგრძელებს. გასულ სეზონში საფრანგეთის 10 გზის ჩემპიონი უმაღლეს, ლიგა 1-ში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” დაამარცხა.
ფრანგული გამოცემის ცნობით დავითაშვილი ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით, სანაცვლოდ კი ზურიკოს ამჟამინდელი კლუბი “ბორდო” 6 მილიონ ევროს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი უკვე ქალაქ სენტ-ეტიენში იმყოფება და კონტრაქტს ხელს სულ მალე მოაწერს.
აქამდე სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციით ზურიკოს დამატებას განიხილავდნენ იტალიური გუნდები: “კომო”, “ვენეცია” და “ჯენოა”, თუმცა ქართველმა საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა, სადაც 2022 წლიდან ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 თამაშში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.