მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი ახალ მთავრობაშიც პირველი ვიცეპრემიერის პოზიციას დაიკავებს - კობახიძე

დავითაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალ მთავრობაშიც პირველი ვიცეპრემიერის პოზიციას დაიკავებს.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცეპრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების მიღწევების შესანარჩუნებლად მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება.

„სამი წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა, 2021-2022 წლებში ორნიშნა, ხოლო შარშან 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა მშპ-სთან მიმართებით, ქვეყნის საგარეო ვალის 60.2%-დან 39,5%-მდე შემცირების, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის 9.3%-დან 2.5%-მდე შემცირების შესაძლებლობა. 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე 1%-ზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რომ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ წუთებში პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სხდომაზე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები