"ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციისთვის წელს პრიორიტეტული არ იყო. ამის შესახებ მან მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
არადა, გასულ კვირას, BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ არც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობას მოსაწვევი არ მიუღია.
BM.GE-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ "ოცნების" ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რატომ არ მიიწვიეს საქართველო წელს პირველად დავოსში.
თელარა გელანტია: როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიგიწვიეს და რას ნიშნავს ეს ნაბიჯი?
ლევან დავითაშვილი: არ არის ასე. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ვესწრებოდით ფორუმს".
თელარა გელანტია: არ მიიღო, თუ არ მიგიწვიეს?
ლევან დავითაშვილი: არ მიიღო მონაწილეობა.
თელარა გელანტია: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არ მიგიღიათ მოწვევა.
ლევან დავითაშვილი: შეიძლება, მათ უფრო დეტალურად გააკეთონ განმარტება...
წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს. გამომდინარე არსებული ვითარებიდან.
თელარა გელანტია: ინვესტორებისთვის არ გქონდათ არაფერი სათქმელი, როცა ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია?
ლევან დავითაშვილი: ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, კომუნიკაციას უწყვეტ რეჟიმში. ამის შესახებ მედიაც იქნება ინფორმირებული. გვექნება პოზიტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ეს პროცესი არ ჩერდება.
ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. რამდენიმე დღის წინ BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ საქართველო არცერთ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის, თუმცა განაცხადეს ისიც, რომ „მიწვევა რომც მიიღონ, ვერ წავლენ“.