ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის "ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა - ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან ბიზნესმენი კოტე გოგელია და ვახტანგ ჩახნაშვილი.
ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.
პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების - "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.
ვინ არიან პროექტის ინვესტორები:
კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (70.7%-ის წილით) ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია "მკ კაპიტალია". რაც შეეხება "ბლექ სი პეტროლიუმის" 29.3%-იანი წილის მფლობელ კომპანია "დუნამისს", ის 2022 წელს არის დაფუძნებული და 2024 წლის ბოლომდე სხვა სახელით - "მკისა ალმონდის" სახელით ოპერირებდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ფოცხვერია, რომელიც ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე "მკისა ჯგუფის" კომპანიების აქციონერია.
აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.
ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.
მშენებლობის პროცესი:































