მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილმა 2024 წელს 12 000 ლარის ყურძენი გაყიდა - ქონებრივი დეკლარაცია

ლევან დავითაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პირველმა ვიცეპრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასულ 2024 წელს ყურძნის რეალიზაციით 12 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ აღნიშნულია მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 25 თებერვალს აქვს შევსებული. ცნობისთვის, 6-თვიანი „ტექნიკური ხარვეზის“ შემდეგ, ქონებრივი დეკლარაციები გაიხსნა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლევან დავითაშვილს გასულ წელს ქონება არ აქვს შეძენილი, მას ბოლოს 2012 წელს აქვს ნაყიდი 4828 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავის სოფელ შალაურში და მასში გადახდილი აქვს 3500 აშშ დოლარი. დავითაშვილს, დეკლარაციის თანახმად, სხვა უძრავი და მოძრავი ქონება არ აქვს.

რაც შეეხება შემოსავლებს, ეკონომიკის მინისტრს გასული წლის განმავლობაში მინისტრის პოსტზე აღებულ აქვს 80 199 ლარი. მის მეუღლეს, თეა ფარქოსაძეს კი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული აქვს 7500 აშშ დოლარის ოდენობის ნაშთი.

დეკლარაციის შევსებისას, ლევან დავითაშვილს უფიქსირდება სახელფასო ანგარიშზე 13 934,17 ლარი, მომსახურე ანგარიშზე 700 ლარი და ანაბარზე 159,19 ლარი. მის მეუღლეს კი მიმდინარე ანგარიშზე 571,07 ლარი, 3069,13 აშშ დოლარი და 525 ევრო, ასევე sCoolCard-ის ანგარიშზე - 621,13 ლარი.

ამასთან, დავითაშვილის მეუღლეს უფიქსირდება სწავლის გადასახადის სახით 23 764,29 ლარის ოდენობის გასავალი. ცნობისთვის, თეა ფარქოსაძე 2010 წლიდან შპს Intermanagement-ის 100-%-იანი მეწილეა.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებს, მანამდე ის 2017 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ამასთან, 2024 წლის 9 თებერვლიდან ის პირველი ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები