თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის "ბ დ ნ" ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.
14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, გ.უ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა და მის თანმხლებ პირს სხეულის დაზიანება მიაყენა.
12 აგვისტოს შსს-ის ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე სამი პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. – დააკავეს, საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. [ გელა უძილაური] მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებულია ასევე პირი, ვის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდანაც განხორციელდა გასროლა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.




























