საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
"შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება", - წერია პრეს-რელიზში.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტზე გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც საელჩო იტყობინება, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას.




























