მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Levanto გაზაფხულიდან ონლაინ მაღაზიის ამოქმედებას გეგმავს

5fae6087132fd
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.20 09:20
1087
ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Levanto, 2021 წლის გაზაფხულიდან ონლაინ მაღაზიის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის მენეჯერმა ბერიკა მხეცაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია გაყიდვების სტრატეგიას ცვლის და ონლაინ მიმართულების გააქტიურებას გეგმავს.

ფინანსურ ნაწილზე კომპანიის მენეჯერი საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.

„დღეისთვის, ონლაინ გაყიდვების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. იმისთვის რომ მოხდეს ონლაინ გაყიდვებზე გადართვა, აუცილებელია მარაგები, შესაბამისად, ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს. ეს დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული.

გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიის პარალელურად, გაზაფხულიდან ახალი მაღაზიების გახსნა ბათუმსა და თბილისში იგეგმება. ეს ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში ონლაინ გაყიდვებიც, ვთვლით რომ უფრო მარტივად წარიმართება, რადგან რეგიონშიც და თბილისში გვექნება ჩვენი პროდუქციის მარაგები. ეს მომხმარებლის სურვილებს უფრო შესრულებადს გახდის. მაგალითად, გამოწერის შემთხვევაში თუ ფეხსაცმლის ზომა არ მოერგება მყიდველს, ჩვენ ოპერატიულად შევძლებთ მის გადაცვლას სხვა ზომაში და ა.შ.“, - განაცხადა ბერიკა მხეიძემ.

კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ ონლაინ გაყიდვები თავდაპირველად ბაზარზე არსებული გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობით შესრულდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია მაღაზიების გახსნით დასაქმებულთა რიცხვსაც გაზრდის.

ცნობისთვის, Levanto დღეისთვის ბაზარზე ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი ქუთაისშია, ერთი კი თბილისში. კომპანია წარმოებასა და მაღაზიებში სრულად 55 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის წარმოებული პროდუქციის მოცულობა თვიურად 700 წყვილ ფეხსაცმელს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები