მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Levanto-ს გაყიდვები 20%-ით შემცირდა“ - პანდემიის გავლენა და კომპანიის მოლოდინები

5fae52b466f1b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.20 20:30
1436
ფეხსაცმლის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Levanto-ს გაყიდვები პანდემიამ 20%-ით შეამცირა, რამაც საწარმოს მუშაობის ტემპიც დააგდო, თუმცა კომპანია არ ჩერდება და ქართული პროდუქტის წარმოებას განაგრძობს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მეჯერები ბერიკა მხეცაძე განმარტავს, ამ მოცულობით მოთხოვნის შენარჩუნება ბაზარზე უცხოური პროდუქციის შემცირებამ გამოიწვია.

„ჩვენი შეფასებით, მოთხოვნა იმის ხარჯზე ნარჩუნდება, რომ ბაზარზე უცხოური ნაწარმის შემოტანა გართულებულია და შესაბამისად, მომხარებლები ადგილობრივი ნაწარმის შეძენაზე არიან გადასული.

წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით შემცირებულია. მოთხოვნასთან ერთად შემცირდა გაყიდვები და შესაბამისად წარმოების ტემპიც. თვეში დღეისთვის 700 წყვილ ფეხსაცმელს ვაწარმოებთ, მაშინ როდესაც პანდემიამდე თვიური წარმადობა 1000 წყვილი იყო“, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ Levanto-ს ფეხსაცმელი თურქული, იტალიური და ესპანური ტყავისგან იკერება, შესაბამისად კომპანიის მენეჯერს BM.GE-მ ვალუტის კურსის გაუფასურების გავლენაზეც ჰკითხა, რაზეც ბერიკა მხეცაძემ გვიპასუხა: „ლარის გაუფასურება ძალიან მოქმედებს კომპანიაზე, თუმცა რა ფასადაც ვყიდიდით ლარის ძველი კურსის პირობებში, ახლაც ასე ვყიდით, რადგან დღეს ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო, ჩვენს ფეხსაცმელზე ფასს ვერ მოვუმატებთ. შესაბამისად, ჩვენს პროდუქციაზე ფასის მომატება არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის რთული შესასრულებელი იქნება“.

ბერიკა მხეცაძე ასევე აღნიშნავს, რომ ერთი პერიოდი ნედლეულის ტრანსპორტირება გართულებული იყო, თუმცა შემდგომში ეს პრობლემა კომპანიას აღარ შეჰქმნია.

„ამ დროს ჩვენ გარკვეული მარაგები გვქონდა, ამასთან კომპანია საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, ხოლო ამოქმედების შემდეგ მათ ნედლეულის ტრანსპორტირების პრობლემა არ შეჰქმნიათ.

2020 წელს კომპანიის მოგებაზე საუბარი არ იქნება - შემცირებული მოთხოვნისა და გაყიდვების, ლარის გაუფასურების ფონზე, კომპანია მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ საწარმომ იმოქმედოს და ადგილობრივ ბაზარზს ქართული წარმოების ფეხსაცმელი შევთავაზოთ.

Levanto დღეისთვის ბაზარზე ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი ქუთაისშია, ერთი კი თბილისშია. კომპანია წარმოებასა და მაღაზიებში სრულად 55 ადამიანს ასაქმებს.

კომპანიის მენეჯერი ბერიკა მხეცაძე განმარტავს, რომ Levanto-ს მაღაზიების რაოდენობა ორზე მეტი იყო, თუმცა, ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში ისინი ობიექტური მიზეზების გამო დაიხურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები