ლევილის მამულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად მამულის ოფიციალური Facebook გვერდი აქვეყნებს. სახელმწიფოს შატოს რენოვაცია საერთო ჯამში რამდენიმე მილიონი ევრო უჯდება.
"ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. სახურავის დასავლეთ მხარის გადახურვა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია. სამუშაოებისას გამოყენებულია იმავე ტიპის კრამიტი, როგორითაც შატო აქამდე იყო გადახურული. შატოს ახლებური გადახურვა მიმდინარე წლის ბოლომდე დამთავრდება,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მამულის რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია კომპანია SAS SER CONSTRUCTION-თან გაფორმებული ხელშეკრულება 2,623,828 ევროს მოცულობით, რომელიც მამულის რენოვაციას შეეხება. ამასთანავე, შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთულია ორი განცხადება გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. მათგან 58,200 ევროს ღირებულების შესყიდვით ოდას და რესტორნის მოწყობა იგეგმება, ხოლო 15,367 ევროს შესყიდვით, ლევილის მამულის პარკში 155 ძირი ვარდის დარგვა, ასევე სათიბი და ბალახის საკრეჭი მანქანის შესყიდვა იგეგმება.