ლიბანის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ლიტანის მდინარის სამხრეთით ჩატარებული ოპერაციების შედეგად სრულად მოხერხდა ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობების იმ დონემდე შემცირება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის მიღმა საომარ საფრთხეს ვეღარ შექმნის.
ლიბანის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში შეიარაღებაზე სრული კონტროლი ოფიციალურ ბეირუთს აქვს. ხელისუფლებაში არ უარყოფენ, რომ “ჰეზბოლას” სრული განიარაღებისთვის, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბებისა და იარაღების საწყობების სრული განადგურებისთვის, დამატებითი სამუშაოებია გასატარებელი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისრაელს ტერორისტული ორგანიზაციისაგან ომის საფრთხე აღარ მოელის.
ოფიციალური ბეირუთის განცხადებას ეჭვის თვალით უყურებენ ნეთანიაჰუს კაბინეტში, სადაც აცხადებენ, რომ ლიბანის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციები არასაკმარისია და “ჰეზბოლა” ირანისაგან შეიარაღების მიღებას, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენას ისევ ახერხებს. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიბანმა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა 2024 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს და ტერორისტული ორგანიზაცია აბსოლუტურად განაიარაღოს. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის, 2 წლის წინ დადებული შეთანხმების თანახმად, ისრაელი ლიბანში ომზე უარს აცხადებდა იმ პირობით, თუ ოფიციალური ბეირუთი “ჰეზბოლას” თავად განაიარაღებდა.
აღსანიშნავია, რომ ლიბანის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმნენ გაეროშიც, თუმცა განაცხადეს, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, რათა საფრთხე სრულად განეიტრალდეს. რაც შეეხება თავად “ჰეზბოლას”, ტერორისტულ ორგანიზაციას ლიბანის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით საჯაროდ ჯერ არაფერი უთქვამს.




























