მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი ბანკს” არცერთი ახალი სესხი 26%-ად არ გაუცია” - თურაზაშვილი

მოქალაქეები

23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. მთავარი საკითხები, რომლებსაც სხდომაზე განიხილავენ, პენსიონერებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებია.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას “მოქალაქეების” წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა რამდენიმე საკითხი გააჟღერა, რომლებთან დაკავშირებითაც ფრაქციას თურნავასთან აქვს კითხვები.

“როდესაც “ქართული ოცნება” საუბრობს, რომ მათ პროცენტი დასწიეს სესხებზე, მინდა შევახსენო ყველას, რომ პარტია “მოქალაქეები” ამ პროცესში სრულად ვიყავით ჩართული, ვთანამშრომლობდით “ქართულ ოცნებასთან” და მივაღწიეთ იმას, რომ შედგა შეთანხმება სესხის პროცენტის დაწევაზე, 43-36%-დან 26%-მდე. მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც არ ღალატობს საკუთარ თავს “ლიბერთი ბანკი” და მას არც ერთი ახალი სესხი 26%-ად არ გაუცია. ეფექტურ პროცენტში ის 29-30-31%-ს წერს, რაც ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებს გაცილებით მეტის გადახდა უწევთ.

შემდეგი საკითხი არის ოვერდრაფტი, რომელიც ძალიან ძვირი პროდუქტია. ჩემი პრეტენზია და შეკითხვა სებ-ის პრეზიდენტთან შემდეგი იყო: რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” უფლება, გასცეს პენსიონერებზე ოვერდრაფტი ისე, რომ მათ არ აუხსნას პირობები და საფრთხეები, რომელსაც ოვერდრაფტი შეიცავს. ყველა პენსიონერი, როდესაც მათ არჩევანი ექნებოდათ აეღოთ ჩვეულებრივი სესხი თუ ოვერდრაფტი, აუცილებლად აირჩევდა სესხს, რომელზეც ძირიც იფარება და პროცენტიც. ეს არ აუხსნეს მათ, მოტყუებით გაუფორმეს ოვერდრაფტი, რაც მათ 4-5 წლის შემდეგ აღმოაჩინეს”, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

“მოქალაქეების” წარმომადგენელმა კოვიდპანდემიის დროს სესხებზე საშეღავათო პერიოდიც განიხილა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, ამ პერიოდში გახანგრძლივებული სესხები ძველი პირობებით დაბრუნებულიყო, “ლიბერთი ბანკმა” ეს არ გაითვალისწინა.

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის დროს გადავადებული სესხები, როდესაც თითქოს 3-6 თვის ვადით საშეღავათო პერიოდი მისცეს პენსიონერებს. სამაგიეროდ სესხის ხანგრძლივობა 3-4 წლით გაუხანგრძლივეს, რაც წარმოუდგენლად არაგონივრული ვადაა.

ჩემი კითხვა ნათია თურნავასთან ასეთია: თუკი თქვენ, როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეიმუშავეთ რეკომენდაცია, სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესახებ, რატომ არ გახდა ეს რეკომენდაცია საჯარო? რატომ არ იზრუნეთ, რომ ის გაევრცელებინა "ლიბერთი ბანკს" და მათთან მისული პენსიონერისთვის შეეთავაზებინათ?”, - აცხადებს თურაზაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.