2023 წლის 25 დეკემბრიდან კლინიკა "ლიდერმედის" სამშობიარო განყოფილებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა, ხოლო 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ფუნქციონირება, - ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება კლინიკა "ლიდერმედმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ამის შემდეგ, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე DRG მოდელის ამოქმედების გამო, სახელმწიფო პროგრამიდან გათიშვაც მოითხოვა. ახლა კი, კლინიკა სახელმწიფო პროგრამაში დაბრუნებას ითხოვს. ინფორმაცია bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ცნობით, შესაბამისი წერილი კლინიკის მხრიდან სამინისტრომ უკვე მიიღო.
bm.ge კლინიკის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზით დაინტერესდა, პასუხად კლინიკა “ლიდერმედის” დამფუძნებელი, ნატალია ხონელიძე პროგრამაში დაბრუნების მოთხოვნას არ ადასტურებს და აცხადებს: "პროგრამაში დაბრუნება ჩვენ არ გვითხოვია".
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 15 ნოემბრიდან მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსების მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1 222 ლარით განსაზღვრა, ამასთან, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. „ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთა, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.