მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც EU-ს "ოცნების" ლიდერების სანქცირებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვა

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, პასუხისმგებლები არიან მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობრივ რეპრესიებზე. შესაბამისი რეზოლუცია ლიეტუვის პარლამენტმა 109 ხმით მიიღო ერთის წინააღმდეგ.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან; შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ.

სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულაციების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების შესახებ, რომლებიც იყო საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ლიეტუვის პარლამენტი მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოწოდებას და 26 ოქტომბრის არჩევნებს არ მიიჩნევს თავისუფლად და სამართლიანად. ასევე, მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

"დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, როგორიცაა ბიულეტენების გაყალბება, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების შეზღუდვა და არჩევნების დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევა და დამოუკიდებლობის შელახვა, სეიმმა დაასკვნა, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ, არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც სამართლიანად",- აღნიშნულია ლიეტუვის სეიმის პრესრელიზში.

პარლამენტმა კატეგორიულად დაგმო საქართველოს მთავრობის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინება და უკანონო დაკავება და რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციული ნარატივების სისტემატური გავრცელება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პროსამთავრობო მედიის მიერ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები