სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა პროცესი აღნიშნულ ეტაპზე გადაიდო და ის 22 აპრილს გაიმართება.
სუს-ის ყოფილი უფროსის სხდომა დღეს პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით ახსნა.
პროცესის დახურვას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის ლანა ცერცვაძის თქმით, სხდომის დახურვით ბრალდებულის კანონიერი უფლებები ირღვევა. ლილუაშვილის ადვოკატის ინფორმაციითვე, მას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.
მოსამართლემ ბრალდებულ ლილუაშვილს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ის მისი ადვოკატების პოზიციას, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.



























