თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას სუს-ის მფარველობის სანაცვლოდ.
„ქოლცენტრის ეპიზოდზე დაკითხული იქნა მოწმე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთი ქოლცენტრის თანახელმძღვანელს. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას. მათი როლი განსაზღვრული იყო იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუწევდა მფარველობას, შესაბამისად აღნიშნული თანხა ქრთამის სახით გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს.
დროის სხვადასხვა პერიოდში გადაეცა სხვადასხვა თანხა, ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა პროცენტის დათვლა. ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი ბუნებრივია სასამართლოში დაიკითხებიან“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
სუს-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ლილუაშვილის სასამართლო პროცესები დახურულია.


























