განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოს წინაშე მოწმე გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.
როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ბრალდების მხარე შემდგომ კვირაში მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდგომაც მოწმეების წარმოდგენას დაცვის მხარე დაიწყებს.
პროკურორის თქმით, პროცესების საჯაროობა მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეებისა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა.
„დაცვის მხარე თუ ახლა სვამს კითხვას, რატომ არის დახურული პროცესები, ეს გასაოცარი ამბავია, იმიტომ რომ ამაზე არაერთხელ იმსჯელა სასამართლომაც.
ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რამდენიმე მიმართულება არის სასამართლოში წამოსული და არსებითი განხილვები მიმდინარეობს. მოწმეები საუბრობენ, მაგალითად, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ამხელენ გარკვეულ პირებს და ბუნებრივია, მათ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.
პროცესების საჯაროობა ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოწმეების და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.
ასევე, ბრალდების მხარე რა განცხადებასაც და განმარტებასაც აკეთებს, აბსოლუტურად ყველა ეს განმარტება და განცხადება გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან. შესაძლოა ადვოკატმა რომელიმე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინოს, ეს იურისტებისთვის ნორმაა. დასკვნითი სიტყვის არსიც ეს არის ზუსტად, მაგრამ ბრალდების მხარეს, განსხვავებით დაცვის მხარისგან, აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ნამდვილად ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ თითქოს დეზინფორმაციას ვავრცელებთ. სხდომის ოქმი იწერება და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე ისმის, თუ რას ამბობენ მოწმეები",- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცველებმა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 23 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ბრალდებული და მისი უფლებადამცველები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და მას უსაფუძვლოს უწოდებენ.


























