სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ლილუაშვილის საქმეში მისი დაცვის წევრების ჩვენებები არ არის არსებითი მნიშვნელობის, რადგან რომეო მიქაუტაძე იმ დროისთვის არ იყო მათთვის ცნობილი და მისი იქ ყოფნა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ვერ იქნებოდა დასამახსოვრებელი. ამის შესახებ მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. წერს IPN.
„დაცვის მხარემ რაც დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა და წარმოადგინა მოწმეები, უმეტესად სახეზე წარმოდგენილები იყვნენ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლები, თითოეული მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკურად არ ახსოვს, არ უნახავს და ა.შ. რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. მანამდე ბრალდების მხარესაც დაცვის სხვა წევრები გამოკითხული ჰყავდა და იყო ჩვენება, რომ მეოთხე სართულზე, სადაც კაბინეტი იყო, იმ სართულზე ნამდვილად ნანახი ჰყავდათ რომეო მიქაუტაძე.
ვერცერთი დაცვის წევრი ვერ იქნება დარწმუნებული იმასთან დაკავშირებით, ნანახი ჰყავს თუ არა ეს პიროვნება იქ, თუ რაღაც გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, დაცვის წევრების ჩვენებები არ არის არსებითი მნიშვნელობის.
ეს მოწმე ადვოკატსაც ჰყავს გამოკითხული და გამოკითხვის ოქმში უწერია მსგავსი რამ, რომ გამოკითხვის პროცესში „დავგუგლე“ [საუბარია რომეო მიქაუტაძესა და კახაბერ გვანცელაძეზე], გადავამოწმე და არ მყავს ეს პიროვნებები ნანახი. მე ვუთხარი, თუ ადამიანის „დაგუგლვა“ და სახის აღდგენა გჭირდება, ესე იგი არ გახსოვს ის, შესაბამისად, ჩემი კითხვებიც ამ მიმართულებით დაისვა და პასუხებიც აბსოლუტურად ლოგიკურად მივიღე.
რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, მოგეხსენებათ, რომ ის „ქოლ-ცენტრების“ ეპიზოდში ფიგურირებს და ამ კუთხით უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მასთან დაკავშირებით მე მოწმეს დავუსვი კითხვა, იცოდა თუ არა რა ნომერი ავტომობილით უშვებდნენ ანდრია ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვერდითა შესასვლელიდან, სადაც მხოლოდ მანქანის ნომრის გადაცემა ხდებოდა, მოწმემ კი განმარტა, რომ იცოდა და ეს იყო 010 და ამან გამოიწვია დარბაზში ხმაური. ასეთი მითითება, რომ ხელმძღვანელს არ აქვს უფლება, კონკრეტული ვიზიტორი შეიყვანოს ან არ შეიყვანოს, ბრალდების მხარე ამაზე საერთოდ არ საუბრობს. ბრალდების მხარე ცდილობს, გამოკვეთოს ფაქტები და ამ ფაქტებს მისცეს შეფასება.
დაცვის მხარემ დღეს, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ გარკვეული ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან ყოფილიყო გამოთხოვილი. ეს ინფორმაცია ეხება იმ ერთ-ერთი ბიზნესმენის საქმიანობას, რომელიც ბრალში ფიგურირებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის ისედაც მიმართული ჰქონდა დაცვის მხარეს. ბრალდების მხარესაც გარკვეული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, საქმისათვის გამოთხოვილი გვაქვს. ანუ ეს არის მხოლოდ დოკუმენტური ინფორმაცია, რას საქმიანობდა ეს ბიზნესმენი, რა პროექტები ჰქონდა და ა.შ. ვფიქრობ, დაცვის მხარეს ეს იმისთვის სჭირდება, რომ ეს პიროვნება ისედაც აქტიურად საქმიანობდა და მას ქრთამის გადახდა არ ესაჭიროებოდა. თუმცა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კონკრეტული ერთი ქმედებისათვის არის ქრთამი გადახდილი. როგორც მოწმეები განმარტავენ, პერსპექტივის ჭრილში იყო აქ საუბარი, რომ სამომავლოდაც უკვე ხელი არ შეშლოდა.
დაცვის მხარე ასევე ითხოვდა იმ მანქანის ნორმების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, რითაც სარგებლობდა რომეო მიქაუტაძე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს გამოძიების საგანი იყო და ამით თავის დროზე უნდა დაინტერესებულიყო დაცვის მხარე, თუ თვლიდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა - ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომეო მიქაუტაძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
დღეს კი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებდა, რომ ლილუაშვილის დაცვის მხარიდან აქვთ მოლოდინი, რომ სიმართლეს იტყვიან იმასთან დაკავშირებით, რომ რომეო მიქაუტაძე ე.წ. 14-კგ-იანი ხელბარგით გრიგოლ ლილუაშვილთან არ ყოფილა.




























