დღეს, 22 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. სხდომა პროკურატურის მოთხოვნით კვლავ დახურულია, თუმცა ლილუაშვილის მხარე კვლავ მოითხოვს სხდომის გახსნას. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.
"დღეს არის შუამდგომლობების განხილვის ეტაპი და სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა შეკრებული იმისთვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ამოვდივართ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან და რა თქმა უნდა, მისი სურვილიც იყო, რომ საქმე ღიად განხილულიყო", - აცხადებს ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალს არ აღიარებს.




























