მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი მიიყვანეს - ადვოკატი

საგამოძიებო სამსახური

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, სოსო რამიშვილი მიიყვანეს.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია „პირველებს“ ლილუაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა. თბილისის საქალაქო სასამართლოდან „ტვ პირველის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ სოსო რამიშვილი სასამართლოს შენობაში ავტომანქანით ისე შეიყვანეს, რომ იგი მედიის კამერებს არ დაეფიქსირებინა.

ის, რომ დღეს სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე გამოსაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა მისულიყო, მედიას სხდომის დაწყებამდე პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განუცხადა.

სახელმწიფო ბრალმდებელს უშუალოდ მოწმის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს, საგამოძიებო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე 2018 წლიდან 2025 წლამდე და 2025 წლის გარკვეულ პერიოდშიც მუშაობდა.

პროკურორის თქმით, სოსო რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოკითხულია და სწორედ ამ ოქმიდან გამომდინარე აქვს პროკურატურას მოლოდინი, რომ იგი საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გააჟღერებს.

„დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, რომ ბრალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს მან სასამართლოს, ბუნებრივია, ამ დეტალებში ვერ შევალ, რადგან ის ჯერ სასამართლოში დაკითხული არ არის“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოწმე თავად ბრალდებული არ არის და მას არ მოუწევს მის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე საუბარი.

სოსო რამიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2018 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა და თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა. იქამდე, 11 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე კომპანია შპს RMG Gold-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები