ბრენდი "ლიმო" გერმანიაში ექსპორტს გეგმავს - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ დააანონსა.
„ დავაინტერესეთ ევროპული ბაზრები, ასევე აზიური ბაზარი. შარშან გავედით ექსპორტზე კორეაშიც. იანვრის შემდგომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანიასთან, გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ იმედი გვაქვს წარმატებით დამთავრდება ეს პროცესი. ვიმედოვნებთ, ზაფხულის ბოლოს უკვე რეალურად განვახორციელებთ პირველ ექსპორტს გერმანიაში“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
თავდაპირველად ექსპორტზე გერმანიაში „ლიმოს“ ბრენდის 200 ერთეული 12 წლამდე გოგოს სამოსი გავა.
„ის მოდელები, რომლითაც გერმანიაში დაინტერესდნენ არის უმეტესწილად ხელით ნამუშევარი, ერთეულის ფასი კი იქნება საშუალოდ 80 ევრო. ზოგადად საექსპორტო ფასები დამოკიდებულია ქვეყანაზე, რაოდენობაზე, მოცულობაზე და ა.შ. რაც შეეხება მოთხოვნას, ქართულ პროდუქციაზე საკმაოდ მაღალია.ძალიან გვეხმარება DCFTA, ნულოვანი საბაჟო გადასახადი, ეს ძალიან აიაფებს თვითღირებულებას და უფრო კონკურენტულად ხდის ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
ექსპორტზე „ლიმომ“ ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია კორეაში გაიტანა, 4 500 ერთეული.
შეგახსენებთ სამკერვალო „ლიდერმა“, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით ბავშვების სამოსს აწარმოებს, 2 თვის წინ საწარმო თბილისშიც გახსნა. ჯამში სამკერვალო 2 საწარმოს ფლობს, გორსა და თბილისში.