"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის და Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, Lion Finance ჯგუფის FTSE 100 ინდექსში შესვლას ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ეფექტი ექნება.
"საქართველოს ბანკი", როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ BMG-თან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ხელს შუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და შექმნის შესაძლებლობას ქართული კომპანიებისთვის, რომ დამატებითი კაპიტალი მოიზიდონ.
„როცა საქართველოდან კომპანია წარმოდგენილია ისეთი ტიპის ინდექსში, როგორიც არის FTSE 100, ჩათვალეთ, რომ ყველა ინვესტორი ინგლისში, ამერიკაში თუ აზიის ქვეყნებში, უკვე სწავლობს ამ ისტორიის შინაარსს. შემადგენლობის სწავლა გულისხმობს იმას, რომ ისინი აუცილებლად უნდა გაეცნონ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკას, რათა გაიგონ, რას წარმოადგენს ეს ბიზნესი და გადაწყვიტონ, ჩადონ თუ არა მასში ფული.
შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი, რომელიც აქამდე იგნორირებას უკეთებდა ამ რეგიონს (ვინაიდან მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე არც ისე დიდი ვართ), ფაქტობრივად, იძულებული იქნება, მიიღოს აქტიური გადაწყვეტილება - იყიდოს თუ არა [აქტივები რეგიონში]. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი აქტივების მართვის კომპანიების ეფექტურობა ფასდება იმით, თუ რა შედეგს დადებენ ისინი FTSE 100-თან მიმართებით. მათ ან ზუსტად უნდა გაიმეორონ FTSE 100 მცირე ცვლილებებით, ან უნდა გადაწყვიტონ, რომ, მაგალითად, Lion Finance-ში არ ჩადებენ ფულს, მაგრამ ჩადებენ სხვაგან. ამ უკანასკნელის გაკეთება კი რთულია, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ მზარდი კომპანია ვართ და ე.წ. P/E multiple - შეფასების კოეფიციენტი - არც ისე მაღალი გვაქვს ინგლისურ კომპანიებთან შედარებით.შესაბამისად, მათ აუცილებლად დასჭირდებათ საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის შესწავლა... ეს კი უკვე ის ბაზაა, რომელიც დახვდება ყველა სხვა კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს, აქციები ლონდონში გაყიდოს ან განათავსოს.
წარმოიდგინეთ, თუ აქამდე პირობითად იყო 30 ინვესტორი, რომელთანაც კარზე უნდა დაგეკაკუნებინათ და მოგეყოლათ, რა არის საქართველო, ხვალ და ზეგ ეს იქნება არა - 30, არამედ 100 ან 200 ფონდი, რომელიც უკვე „ნამეცადინები“ იქნება ქართულ ეკონომიკასთან დაკავშირებით. ეს ქმნის შესაძლებლობას ქართული კომპანიებისთვის, რომ მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი ან მიიღონ ლიკვიდურობა იმ კაპიტალთან მიმართებით, რომელიც აქ აქვთ დაბანდებული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის:
Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის "საქართველოს ბანკი" და "ამერიაბანკი".
FTSE 100-ში "საქართველოს ბანკი" ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად დღეიდან, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.




























