ლივერპულის მფლობელი კომპანია Fenway Sports Group მოლაპარაკებებს აწარმოებს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ “ხეტაფეს” პრეზიდენტ ანხელ ტორესთან მრავალეტაპიანი ყიდვა-გაყიდვის თაობაზე.
მიუხედავად ანხელ ტორესის უარყოფისა, ინდუსტრიის ფარგლებში კარგად არის ცნობილი, რომ “ხეტაფე” წლებია გასაყიდადაა გატანილი და FSG ერთ-ერთი უკანასკნელია ვისაც კლუბის შეძენის ინტერესი გააჩნია.
ამ პერიოდში მადრიდულმა კლუბმა მოიპოვა კარგად მართული კლუბის რეპუტაცია, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაზეა ორიენტირებული. მაგალითად შეიძლება დასახელდეს: ამჟამინდელი "ასტონ ვილას“ ნახევარმცველი ემი ბუენდია და "გალათასარაის“ ფორვარდი ალვარო მორატა.
წარსულში ტორესს პოტენციურმა მყიდველებმა ზურგი აქციეს, რადგან კლუბს თითქმის $210 მილიონად აფასებდა, თუმცა ამჯერად მან ფასი უფრო რეალისტურ ნიშნულამდე – $135 მილიონამდე დაიყვანა.
FSG უკვე გარკვეული დროა ცდილობს “მრავალ კლუბიანი” სპორტული პორტფელის სტრატეგიის ამუშავებას “ლივერპულის” გარშემო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წლის მარტში მაიკლ ედვარდსი დაინიშნა კომპანიის საფეხბურთო მიმართულების გენერალურ დირექტორად.
ბოლო 16 თვის განმავლობაში FSG დაკავშირებული იყო კლუბებთან ბრაზილიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. აქამდე ყველაზე მოწინავე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფრანგულ “ბორდოსა” და ესპანურ “მალაგასთან”, თუმცა ახლა “ხეტაფე” განიხილება, როგორც ყველაზე რეალური ვარიანტი, რადგან FSG-მ ტორესთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა.
მიუხედავად ამისა, ტორესი არ ჩქარობს კლუბის გაყიდვას, რადგან სურს შეასრულოს დაპირება, კერძოდ დაასრულოს “ხეტაფეს” საჯარო მფლობელობაში არსებული სტადიონის (Estadio Coliseum) რეკონსტრუქცია, რომელიც 2028 წლისთვის უნდა გაიხსნას.
FSG დაარსდა 2001 წელს ჯონ ჰენრის, ტომ ვერნერისა და სხვა ამერიკელი ინვესტორების მიერ. კომპანიამ 2002 წელს შეიძინა “ბოსტონ რედ სოქსი” და მისი სტადიონი ფენუეი პარკი, 2010 წელს “ლივერპული” და 2021-ში NHL-ის გუნდი “პიტსბურგ პენგუინსი”. ასევე ინვესტიცია აქვთ ჩადებული საკაბელო ტელევიზიაში, გოლფსა და NASCAR-ში.
შეგახსენებთ, რომ FSG-ს მფლობელობის პერიოდში “ბოსტონ რედ სოქსმა” ოთხჯერ მოიგო ბეისბოლის მსოფლიო სერია, “ლივერპულმა” კი ორი პრემიერ ლიგის ტიტული, სამი ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
რაც შეეხება “ხეტაფეს”, კლუბი მდებარეობს მადრიდის ცენტრიდან 10 მილის სამხრეთით. გუნდს ორჯერ უთამაშია ესპანეთის თასის ფინალში და ლა ლიგაში საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილი იყო 2019 წელს.
“ხეტაფე” სამჯერ გავიდა ევროპა ლიგაზე, ბოლოს 2019 წელს, თუმცა გასულ სეზონში ლა ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა.




























