მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიხტენშტაინში მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების საფასურის გადახდის საშუალება შესაძლოა, ბიტკოინშიც მიეცეთ

6458cdc5822e8
გიორგი არონია
08.05.23 14:51
789

ლიხტენშტაინის მოქალაქეებმა, შესაძლოა, ახლო მომავალში, სახელმწიფო სერვისების თანხა ბიტკოინში გადაიხადონ, - ამის შესახებ ჯუჯა-სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, დანიელ რიშმა გერმანული Handelsblatt-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები შეძლებენ, სახელმწიფო სერვისების თანხა და ზოგიერთი სახელმწიფო გადასახადი ბიტკოინში გადაიხადონ, რომელიც მყისიერად გადაიცვლება შვეიცარიულ ფრანკში, ლიხტენშტაინის ოფიციალურ ვალუტაში.

ლიხტენშტაინის ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი არ არის, რადგან კრიპტოვალუტებით გადახდის ამგვარ მეთოდს უკვე იყენებენ შვეიცარიის ორ რეგიონში - ზუგსა და ლუგანოში. ამასთან, ბოლო დროს, ლიხტენშტაინის ხელისუფლებამ არაერთი კანონი მიიღო, რომელიც ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. კანონებს შორის გამოსარჩევია "ლიხტენშტაინის ბლოკჩეინის აქტი", რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რითაც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო გახდა. ამასთან, კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი ლიხტენშტაინში რეგისტრირებული კომპანიებიც. ამგვარად, ბოლო წლებში, ლიხტენშტაინი ევროპაში კრიპტოტექნოლოგიების ერთ-ერთ ჰაბად იქცა.

შეგახსენებთ, რომ ჯუჯა-სახელმწიფო ლიხტენშტაინი, რომელიც ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დათვლებით, ეს მაჩვენებელი ლიხტენშტაინში $169 ათასს აღემატება და ამ პარამეტრით, მას მხოლოდ მონაკო უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები