ლიზინგის სექტორი ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს. კომპანია BB Leasing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
“ბუნებრივია, სალიზინგოს აქვს რაღაც უპირატესობა ბანკებთან და ბანკებს აქვთ თავისი უპირატესობა სალიზინგოებთან, მაგრამ რაღაცა მომენტებში, რომელიც ქონების გადასახადს ეხება, სამწუხაროდ, სალიზინგო კომპანიები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში. ახალი რეგულაცია, რაც შემოდის ქონების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით, ესეც გარკვეულწილად ნეგატიურად აისახება სალიზინგო კომპანიებზე.
ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი 100 000 ლარამდე აქვთ, უქმდება ქონების გადასახადი და თუ ისინი ფლობენ მანქანას, ქონების გადასახადს არ იხდიან. ეს არის სეგმენტი, რომელიც ჩვენი კლიენტი იყო. გამოდის ისე, რომ ისინი ქონების გადასახადს არ იხდიან, თუ მანქანას სესხით ყიდულობენ, პირობითად, მაგრამ თუ ლიზინგით ხდება ამ მანქანის შეძენა, სალიზინგო კომპანია ვალდებულია ქონების გადასახადი გადაიხადოს. ბანკებთან არათანაბარ [კონკურენციაში ვართ], იმიტომ რომ დამატებითი ხარჯი შემოდის, რომელიც კლიენტზე გადადის და ეს არ მოქმედებს კარგად სალიზინგო კომპანიებზე”,-აცხადებს კოტე სულამანიძე.
მისი განცხადებით, დაბეგვრის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან, ბაზრის მოთამაშეებმა ოფიციალური წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტსაც.
"ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს, რომ ქონების გადასახადი შეიცვალოს, მოერგოს ჯანსაღ ვითარებას. ამაზე საუბარი გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთანაც, პარლამენტსაც მივწერეთ წერილი ასოციაციის სახელით და მოლოდინი გვაქვს, რომ ამის განხილვა დაიწყება და მივაღწევთ შედეგს, თუმცა დროში, როგორც ვხედავთ, საკმაოდ გაიწელა”,- აღნიშნა “საქმის კურსთან” ინტერვიუში სულამანიძემ.
























