მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლიზინგის სექტორის პორტფელმა 1.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8,5%-ით, ანუ 147,5 მილიონი ლარით აჭარბებს. გაზრდილია სექტორის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგებაც. სალიზინგო კომპანიებმა წელს 6 თვეში მოგება 7.8 მილიონით, 64.2 მილიონ ლარამდე გაზარდეს, რაც წლიურად 13,9%-იანი ზრდაა.
ბბ ლიზინგის გენერალური დირექტორის განმარტებით, ყველაზე მეტად ლომბარდების ლიზინგის პორტფელი იზრდება, ვიდრე კლასიკური სალიზინგო კომპანიების. კოტე სულამანიძის თქმით, სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში პორტფელი მხოლოდ ₾1 მილიარდია და კომპანიების შემოსავალი ძირითადად ავტოლიზინგის ხარჯზე იზრდება.
“პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ სალიზინგო სექტორი ორი კატეგორიის მოთამაშეებად. ზემოთ აღნიშნული ციფრი მოიცავს ორივე კატეგორიას, ესაა როგორც სალიზინგოების ანუ კლასიკურ ლიზინგის გამცემი ორგანიზაციები, ისე ის მოთამაშეები, რომლებიც სალომბარდე ლიზინგს გასცემენ.
ცალკე რომ გავმიჯნოთ კლასიკური ლიზინგი, სადაც ჩვენ ვთამაშობთ, აქ პორტფელი მილიარდი გვაქვს. ზრდა არც ისე დიდია, დაახლოებით 1.3%-ია. ძირითადი განმაპირობებელი აქ ის არის, რომ ბიზნესის მიმართულებით არ მოხდა წელს პირველ ორ კვარტალში დიდი დაფინანსება, თუმცა ავტოს მიმართულებით გარკვეული ზრდაა. რატომაც არის ავტომიმართულების ზრდა, არის ის, რომ როგორც იცით, კანონი შემოვიდა საქართველოში — 6 წელზე ზევით ავტომობილების იმპორტი 1 აპრილიდან აიკრძალა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მომხმარებელმა, ვინც აპირებდა მანქანის შეძენას, იჩქარა და გარკვეულწილად გაყიდვები გაიზარდა ამ პერიოდამდე და ამან გამოიწვია ავტოლიზინგის ზრდა.
დაახლოებით 8%-იანი ზრდა არის ამ მიმართულებით. ჩვენს კონკრეტულ სალიზინგო სექტორის ჭრილში დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვაქვს. რომ შევაჯამოთ, ბაზარზე ყველაზე დიდი ზრდა უფრო ავტოლომბარდის ლიზინგს გააჩნია, ვიდრე კლასიკურ სალიზინგო კომპანიებს”, - აცხადებს კოტე სულამანიძე.






















