ერთა ლიგის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრაზე მოლოდინებს BMGDrive-ის ეთერში სპორტული ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე აფასებს. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, მოლოდინები მაღალია.
"ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ვითამაშეთ და ბუნებრივია, რომ როცა განვითარების რაღაც წერტილს მიაღწევ, ლოგიკური ამბიცია გვაქვს, რომ მეტი გვინდა. შესაბამისად, შესარჩევსაც ამ განწყობით ვხვდებით, რომ უნდა ვიბრძოლოთ გასასვლელად. მართალია, უფრო რთული იქნება, ბევრად უფრო შეზღუდულია გუნდების რაოდენობა, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც.
ერთა ლიგაზეც ანალოგიურად, უკვე B ლიგაში ვართ და უფრო ძლიერ მეტოქეებთან რთული მატჩების ჩატარება გვიწევს, მათ შორის ჩეხეთთან, რომლებთანაც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და ძალიან რთული თამაში იყო", - ამბობს ტატო ბაციკაძე.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილებით, შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა განსხვავებული ტაქტიკით ითამაშოს, თუმცა ჩეხეთთან ბოლო მატჩის შემდეგ ორივე გუნდში რადიკალური ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა.
"არ ვიცი, სამ თვეში რადიკალურად რა უნდა შეცვლილიყო ორივე გუნდში, ამიტომ არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა განსხვავებული თამაშის მოლოდინი. ევროპის ჩემპიონატზეც, როდესაც ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა დაგვეპირისპირებინა ჩეხეთისთვის, ვერ ვხვდებოდი. ისეთი გუნდია, თითქოს როგორი მიდგომაც არ უნდა გვქონდეს, ყველაფერზე მოსარგები იარაღი აქვთ და ამ 3 თვეში ბევრი ვერაფერი შეიცვლებოდა. ერთი სხვაობა ისაა, რომ სახლში ვთამაშობთ და ეს შეიძლება ჩვენი პლუსი იყოს.
საინტერესოა, სანიოლი რას შეცვლის, იმიტომ რომ, არ მგონია რომ იგივე ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ, იმიტომ რომ მაშინ აშკარად გადავრჩით, გვაჯობეს და რომ არა მამარდაშვილი, წავაგებდით", - ამბობს ტატო ბაციკაძე.
საქართველო-ჩეხეთის ნაკრებები ერთმანეთს დღეს, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.