მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[Logistics Expo]-ს შემდეგ ჩვენი კომპანია საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდა - Jay Warehouse-ის მმართველი პარტნიორი

 Jay Warehouse

ლოგისტიკური კომპანია Jay Warehouse-ის მმართველი პარტნიორი ლევან გუჯეჯიანი ამბობს, რომ Logistics Expo-ში მონაწილეობამ კომპანიას საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა, რის შედეგადაც კომპანიამ ოპერირება საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაიწყო. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

გუჯეჯიანის თქმით, კომპანია ოთხი წლის წინ შეიქმნა და ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, ამიტომ მსგავსი პლატფორმები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ცნობადობის, ისე ახალი პარტნიორების მოძიების თვალსაზრისით.

„ჩვენი კომპანია შეიძლება აღიქვათ როგორც სტარტაპად, რადგან ოთხი წლის კომპანია ვართ. ასეთი პლატფორმა ჩვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ თავი გავაცნოთ ბაზარს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ უცხოეთიდან ბევრი კავშირი წამოვიდა და გამოფენის შემდეგ ჩვენი კომპანია არა მარტო საქართველოში ოპერირებს, არამედ გავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთაც“, - ამბობს გუჯეჯიანი.

კომპანიის მმართველ პარტნიორს ღონისძიებისგან წელსაც მაღალი მოლოდინი აქვს და იმედოვნებს, რომ Logistics Expo 2026 კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინტერესის ზრდას. გუჯეჯიანის განმარტებით, Jay Warehouse მომხმარებლებს მხოლოდ სასაწყობე მომსახურებას არ სთავაზობს - კომპანიამ საკუთარი Warehouse Management System (WMS) პროგრამა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს და ფინანსურ სისტემებთან არის ინტეგრირებული.

„ჩვენი პროდუქტი არ არის მხოლოდ სასაწყობე მომსახურება ადგილობრივი ბაზრისთვის. გვაქვს ჩვენი აწყობილი WMS პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია სხვადასხვა სისტემასთან - იქნება ეს საფინანსო პროგრამები თუ საქართველოს შემოსავლების სამსახურის პლატფორმები. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ლოგისტიკურ და სასაწყობე პროცესებს კომპანიებისთვის“, - ამბობს იგი.

მისი თქმით, მსგავსი ტექნოლოგიური გადაწყვეტები კომპანიას საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრებზეც იმუშაოს, რადგან სისტემის ინტეგრირება სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია, რის შედეგადაც უცხოური კომპანიების მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზებებიც იზრდება.

გუჯეჯიანის შეფასებით, Logistics Expo არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად ლოგისტიკური სექტორისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან კომპანიებს ერთმანეთთან კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენი ძირითადი საქმიანობაა ტვირთების სორტირება, დასაწყობება და შემდგომი გადაზიდვა. ასეთ პლატფორმებზე კომპანიები ერთმანეთს უკეთ ეცნობიან და საბოლოოდ იქმნება ჯაჭვი, რომელიც ტვირთის გადაადგილებას უფრო ეფექტიანს ხდის“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პოტენციალს აძლევს, რადგან ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და სატრანსპორტო დერეფნების გადაკვეთაზეა.

„გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო გარკვეულწილად ჰაბად შეიძლება მივიჩნიოთ - როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ისე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. თბილისიდან ერევანიც და ბაქოც ძალიან ახლოსაა, რაც რეგიონულ ლოგისტიკაში დიდ შესაძლებლობას ქმნის“, - ამბობს გუჯეჯიანი.

მისი შეფასებით, მომავალში საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება შესაძლოა რეექსპორტიც გახდეს, რაც ქვეყნის ლოგისტიკურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„რეექსპორტი შეიძლება გახდეს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს არ ეხება მხოლოდ მშრალ ტვირთებს - შეიძლება საქართველოდან ხილ-ბოსტნის განაწილებაც მოხდეს. როდესაც მსოფლიოში არეულობაა, ხშირად ჩნდება პროდუქციის დეფიციტი და ასეთ დროს ლოგისტიკური ჰაბების მნიშვნელობა იზრდება“, - აღნიშნავს იგი.

გუჯეჯიანი მიიჩნევს, რომ Logistics Expo-ს მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს და უფრო მეტი უცხოური კომპანია უნდა იყოს ჩართული.

"კარგი იქნება, თუ მომავალში ასეთ გამოფენებზე უცხოელი გადამზიდავები, პარტნიორები და ექსპორტიორებიც უფრო აქტიურად იქნებიან მოწვეული - ევროპიდან, ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან. ეს დაეხმარება მათ, რომ უკეთ დაინახონ, რამდენად მარტივია საქართველოში ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელება", - ამბობს ლევან გუჯეჯიანი.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას და ქვეყნის როლის გაძლიერებას რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები