მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოკოკინას ექსპორტი 45%-ით გაიზარდა - ფერმერები აცხადებენ, რომ სტატისტიკაში მათი წარმოება არ აისახება

ლოკოკინა

2025 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტმა $2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 248 ტონიდან 531 ტონამდე გაიზარდა, რაც 114.1%-იან ზრდას ნიშნავს.

თუმცა, როგორც BM.GE-სთან ახალციხეში მდებარე ლოკოკინების ფერმის დამფუძნებელმა, ზურაბ სადათიერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკა ფერმებში წარმოებულ ლოკოკინას არ მოიცავს.

„სტატისტიკაში მოყვანილი რიცხვები ჩვენს საქმიანობას არ უკავშირდება. კომპანიები ლოკოკინას მინდორში აგროვებენ, ამუშავებენ და შემდეგ ექსპორტზე უშვებენ. ფერმებში წარმოებული პროდუქტი ამ მონაცემებში არ აისახება. ჩემი ინფორმაციით, ვინც ფერმა გააშენა, პრაქტიკულად, ყველამ შეაჩერა საქმიანობა“, - აღნიშნა სადათიერაშვილმა.

მისივე თქმით, თავად ფერმა ექსპორტზე ჯერჯერობით არ არის ორიენტირებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები სტაბილურია.

„ჩვენი წარმადობა დაახლოებით 1-1.5 ტონას უდრის, რაც წინა წლის მაჩვენებელზეა. ერთი კილოგრამი ლოკოკინას ფასი 20–25 ლარია. პროდუქციას ახალციხეში, თბილისის რამდენიმე რესტორანში და კახეთშიც ვყიდით“, - აცხადებს ფერმერი.

მისი თქმით, ლოკოკინას მოხმარება საქართველოში ძირითადად ზამთრის სეზონზეა აქტიური, თუმცა ბოლო პერიოდში გაზრდილია მოთხოვნა ტურისტულ სეზონზე, განსაკუთრებით ახალციხეში.

„ტურისტები, განსაკუთრებით ქართველები სხვა რეგიონებიდან ახალციხეში რომ ჩამოდიან, ლოკოკინას დელიკატესად მიიჩნევენ და ცდილობენ, ერთხელ მაინც გასინჯონ. ახლა ადამიანები უფრო გახსნილები არიან ახალი კერძების გასინჯვის მიმართულებით“, - ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტის პერსპექტივას, ზურაბ სადათიერაშვილის თქმით, თუ კომპანია ექსპორტზე გასვლას გადაწყვეტს, სამიზნე ბაზრებად ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და საფრანგეთი განიხილება.
ამ ეტაპზე, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანურ პარტნიორებთან, თუმცა პროცესი საწყის ფაზაშია, რის გამოც უახლოეს მომავალში ქართული ლოკოკინის ექსპორტი არ არის დაგეგმილი.

ინფორმაციისთვის, ლოკოკინის ფერმა ახალციხეში საკუთარი ინვესტიციით 2020 წელს გაშენდა, პირველ ეტაპზე 100 კვ.მ-ზე. მეურნეობამ წელიწადში 200 კილოგრამი ლოკოკინის წარმოებით დაიწყო და ახლა უკვე დაახლოებით 2 ტონამდე ლოკოკინას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები