მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლომთაძის Kaspi.kz-ის აქციები 20%-ით დაეცა – მიზეზები

მიხეილ ლომთაძე

ქართველი მილიარდერი მეწარმის, მიხეილ ლომთაძის კომპანიის, Kaspi.kz-ის აქციების ღირებულება Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში თითქმის 20%-ით დაეცა.

კომპანიის მკვეთრი დაღმასვლის მიზეზი Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია, რომელშიც ანალიტიკოსები Kaspi.kz-ს ბრალად სდებენ ამერიკელი ინვესტორების მოტყუებას, მანიპულაციას და ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

Culper Research-ის ანგარიშს მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და გამოქვეყნებული ანგარიშის მიზანს Kaspi.kz-ის რეპუტაციის შებღალვა წარმოადგენს, რომლითაც პირდაპირ ფინანსურ სარგებელს სწორედ Culper Research-ის გუნდი იღებს.

საქმე ისაა, რომ Culper Research-ს საპირისპირო პოზიცია (short position) აქვს გახსნილი Kaspi.kz-ის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახური კომპანიის აქციების შემცირება Culper-ის მოგებას ზრდის, შესაბამისად, ამ ორგანიზაციას პირდაპირი კომერციული ინტერესი ამოძრავებს.

Culper Research-ის ძირითად საქმიანობას საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილი კომპანიების წინააღმდეგ საპირისპირო პოზიციების გახსნა და კვლევითი ანგარიშების მომზადება წარმოადგენს. ასეთ ორგანიზაციებს აქტივისტ ინვესტორებს უწოდებენ და მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

უშუალოდ Culper-ი შედარებით ახალი მოთამაშეა ბაზარზე, რადგან ის 2019 წელს დაფუძნდა და ოპერირების განმავლობაში სულ 10-მდე ანგარიში აქვს მომზადებული, თუმცა მან მაინც მოახერხა გარკვეული პანიკის გამოწვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ 20%-იანი ვარდნა წინა სავაჭრო სესიაზე დაფიქსირდა და დღევანდელ წინასავაჭრო სესიაზე Kaspi.kz-ის აქციები უკვე 10%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები