მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში 18 ქართული კომპანია მონაწილეობს

646361fd03ee0
BM.GE
16.05.23 15:00
1075
15-17 მაისს, ლონდონის საგამოფენო ცენტრში Olympia London ტარდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2023, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის გახსნაზე, საქართველოს სტენდის სტუმრებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა და დესპანი გიორგი საგანელიძე მასპინძლობდნენ.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"წელს, London Wine Fair 2023-ში მონაწილეობს 29 ქვეყნის 415 კომპანია, რომელთაც სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლიანი სასმელი აქვთ წარმოდგენილი. პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან, ათასობით სტუმარი - ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება. გამომდინარე აქედან, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) გამარჯვებული ქართული ღვინოები.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.

გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები