ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ პირველადი საჯარო შეთავაზების ვადების შემცირებაზე მუშაობა დაიწყო. როგორც ირკვევა, მარეგულირებელი პროცესის დაახლოებით ერთი კვირით დაჩქარებას განიხილავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ლონდონის ბირჟის მიმზიდველობის გაზრდას ისახავს. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ბრიტანეთის დედაქალაქში აქციების განთავსების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ამჟამად ლონდონი გლობალური რეიტინგის ოცეულს მიღმა იმყოფება.
მაგალითისთვის, ბრიტანული ბაზრიდან სხვა ბირჟებზე ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა გადაინაცვლეს, როგორებიც არიან Wise-ი და Flutter-ი. თუმცა, ბოლო თვეებში ბაზარზე პოზიციების აღდგენის ნიშნები გაჩნდა. აქციების საჯარო განთავსებისთვის მზადება დაიწყეს Shawbrook-მა და Princes Group-მა. პარალელურად, მიმდინარე თვეში ბაზარზე Beauty Tech Group-ი გამოვიდა. კომპანიის მიერ მოზიდულმა თანხამ £107 მილიონი ($135 მლნ.) შეადგინა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბრიტანულ მარეგულირებელს სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენება სურს. White & Case-ის პარტნიორი ჯონათან პარი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი რეფორმა ლონდონს პრესტიჟული სავაჭრო პლატფორმის სტატუსის აღდგენაში დაეხმარება.
ცნობისთვის, ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრაციის ორეტაპიანი სისტემა მოქმედებს. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული მოდელი კომპანიებს ბაზრის მერყეობის წინაშე დაუცველს ხდის. დაგეგმილი ცვლილებები კი 2018 წელს მიღებული სწორედ ამ წესების გაუქმებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეფორმა ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესს ევროპულ სტანდარტებს დაუახლოებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანომ კაპიტალის ბაზრის ტრანსფორმირება სხვა მიმართულებებით უკვე განახორციელა. კერძოდ, მარეგულირებელმა აქციების საჯაროდ შეთავაზებამდე ლოდინის პერიოდი სამ დღემდე შეამცირა. ამასთან, უწყებამ ობლიგაციების შესახებ წესების შეცვლაც დააანონსა.




























