ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მცირდება - საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ საერთაშორისო ინვესტორებმა ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების გაყიდვა დაიწყეს, შედეგად ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა.
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 6.51%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.22 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.81 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 4.43%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.66 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 482 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.