მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონში Sony-ის წინააღმდეგ $2.7-მილიარდიანი საქმე მიმდინარეობს - მიზეზი PlayStation Store-ის ფასებია

sony

Sony ლონდონის სასამართლოში შეტანილ თითქმის 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2.7 მილიარდი დოლარი) ღირებულების სარჩელს ებრძვის, რომლის მიხედვითაც, PlayStation-ის მწარმოებლის "მონოპოლიურმა პოზიციამ" ციფრულ თამაშებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა - წერს Reuters-ი.

იაპონურ კონგლომერატს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ: Sony მოითხოვს, რომ მისი კონსოლისთვის განკუთვნილი ციფრული თამაშები მხოლოდ PlayStation Store-ის მეშვეობით იყიდებოდეს, რის გამოც მათი ფასი ფიზიკურ (დისკზე ჩაწერილ) თამაშებთან შედარებით მაღალია.

Sony აცხადებს, რომ "წლები და მილიარდები ჩადო" ისეთი ინტეგრირებული სათამაშო პლატფორმის შექმნაში, რომელიც კონკურენტულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის სარგებლის მომტანია, იმ ფონზე, როცა მისი კონკურენტები - Nintendo და Microsoft-ის Xbox - მსგავს მოდელებს იყენებენ.

კომპანიის ადვოკატები ასევე ამტკიცებენ, რომ მარჟა, რომელსაც Sony თამაშებისა და დამატებითი კონტენტის გაყიდვით იღებს, გადაჭარბებული არ არის და აღნიშნავენ, რომ სარჩელი უგულებელყოფს კომპანიის ხარჯებსა და მისი ბრენდის ღირებულებას.

საქმე ლონდონის კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალში გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები დაახლოებით 12 მილიონი ადამიანის სახელით შევიდა. 2025 წლის დასაწყისიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ საქმე სასამართლომდე მივიდა.

ალექს ნილმა, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, განცხადებაში აღნიშნა, რომ "გეიმერებმა ზედმეტი გადაიხადეს და მათ თანხის ნაწილი უნდა დაუბრუნდეთ". ადრე საქმის ღირებულება 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე ფასდებოდა, თუმცა მას შემდეგ 1.97 მილიარდამდე შემცირდა.

Sony-ს ადვოკატმა რობერტ პალმერმა კი ტრიბუნალს განუცხადა: "Sony-ს შეუძლია და ადგენს კიდეც საცალო ფასებს... ციფრული კონტენტის გაყიდვაში ყოველგვარი საცალო კონკურენციის გარეშე. ეს მას საშუალებას აძლევს, ციფრული დისტრიბუციიდან მონოპოლიური მოგება მიიღოს".

Sony-ის (რომელმაც ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში 8 მილიონი PlayStation 5 კონსოლი გაყიდა) მტკიცებით, ეს სარჩელი იმის ტოლფასია, რომ მესამე მხარეებს მიეცეთ უფლება, შექმნან საკუთარი მაღაზია PlayStation-ისთვის და Sony-ს ინვესტიციების ხარჯზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები