“ქართულმა ოცნებამ” შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ - მტრები - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის.
"საქართველომ რუსეთისთვის დახმარება დაიწყო და არა უკრაინისთვის. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. ეს ნამდვილად ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო და საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს ლიდერები თავს ესხმიან უკრაინასა და ზელენსკის.
ჩუმად არიან რუსეთზე და თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადააქვთ. “მტრულ აქტორებად” მოგვიხსენიებენ, “გლობალური ომის პარტიის” ნაწილად ყოფნას გვაბრალებენ, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტში მიათრევს, და ევროპას, რასაც თავად ეძახიან, “ლიბერალურ ფაშიზმს” აბრალებენ. საპირისპიროდ, “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას - თეირანში.ასე რომ, “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები”, - განაცხადა თორნტონმა.
მისივე შეფასებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის“ ნიშნები დიდი ხნის წინ გაჩნდა.
“ბევრს ჰგონია, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ახალი და სწრაფია, მაგრამ ნიშნები დიდი ხნის წინ ჩანდა.
უპირველესად, "ფატალური ნაკლი იყო "ოცნების" მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილია". ივანიშვილი არასდროს იყო დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან, რომელმაც ის გაამდიდრა.
მეორე რიგში, [“ქართული ოცნების”] ფართო კოალიციამ ჩამოშლა ათი წლის წინ, 2015 წელს დაიწყო, როდესაც უფრო პრო-დემოკრატიულმა და პრო-დასავლურმა პარტიებმა გამოცალკევება დაიწყეს.
მესამე რიგში, რუსული ნარატივებითა და დეზინფორმაციით დაიწყო უმცირესობებისა და ქალების წინააღმდეგ ქმედება. ეს სწრაფად გადავიდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, “სახელმწიფოს მტრებზე”, მედიაზე და ინსტიტუტებზე, რომლებიც მთავრობას აბალანსებენ”, - განაცხადა თორნტონმა.




























