Gucci-ს მფლობელი კომპანია Kering-ი, საკუთარი კოსმეტიკის ბიზნესის, ფრანგულ L'Oréal-ზე 4 მილიარდ ევროდ გაყიდვას დასთანხმდა.
როგორც Reuters წერს, ეს Kering-ის სტრატეგიის სერიოზული ცვლილებაა კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ლუკა დე მეოს მხრიდან. ამ გზით ის ცდილობს შეამციროს ჯგუფის დიდი ვალი და მთელი ყურადღება მოდის ბრენდებს დაუთმობს.
შეთანხმების ფარგლებში, L'Oréal შეიძენს Kering-ის სუნამოების ხაზს, რომელიც წინა აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა-ანრი პინომ 2023 წელს 3.5 მილიარდ ევროდ შეიძინა. ასევე L’Oreal-ი ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს, 50 წლის განმავლობაში განავითაროს სუნამოები და სილამაზის პროდუქტები Kering-ის ისეთი ბრენდებისთვის როგორიცაა Bottega Veneta და Balenciaga.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Beauty ბიზნესის გაყიდვის იდეა განხილვის საგანი ჯერ კიდევ მანამდე იყო, სანამ ლუკა დე მეო ოფიციალურად ჩაიბარებდა თანამდებობას, ახალმა ხელმძღვანელმა L'Oréal-თან მოლაპარაკებები დააჩქარა.
L'Oréal-ის ისტორიაში Kering Beauty ყველაზე დიდი შენაძენი გახდება. სააგენტო ასევე წერს, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვანი ნაბიჯია Kering-ის ვალის შემცირების მიმართულებით, რომელიც ივნისის მდგომარეობით 9.5 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამას ემატება 6 მილიარდი ევროს მოცულობის გრძელვადიანი იჯარის ვალდებულებები, რაც ინვესტორების შეშფოთებას იწვევდა.




























