რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია „ლორუკა“ წარმოებისა და გაყიდვების ზრდას აფიქსირებს. კომპანიის დამფუძნებლის, მარიამ ლებანიძის განცხადებით, წარმოება 2024 წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე მოთხოვნის მატებითაა განპირობებული.
როგორც ლებანიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, კომპანია ცდილობს ფასების შენარჩუნებას, რათა მომხმარებელს დისკომფორტი არ შეექმნას.
„წარმადობა დაახლოებით 15%-ით გვაქვს გაზრდილი და გაყიდვებიც შესაბამისად გაიზარდა. ნედლეულის ფასმა დაახლოებით 5%-ით მოიმატა, მაშინ როცა ერთი კილოგრამი ლორის დასამზადებლად დაახლოებით 1.4 კილოგრამი ნედლეული გვჭირდება. ეს ზრდა ფასის შენარჩუნებაზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, თუმცა ვცდილობთ, ბაზარზე არსებული ღირებულება არ შევცვალოთ და მომხმარებელს დისკომფორტი არ შევუქმნათ“, - აღნიშნა მარიამ ლებანიძემ.
ინფორმაციისთვის, 1 კილოგრამი ლორის ღირებულება 40-50 ლარია, სალას - 25 ლარი, ხოლო სნექის ღირებულება 50 ლარია.
მისი თქმით, „ლორუკამ“ აქტიურად გააფართოვა ადგილობრივი ბაზარი - კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო სამ ახალ რესტორანთან და ორ სწრაფი კვების ობიექტთან. „ლორუკა" ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ასაქმებს, რაც ლებანიძის თქმით, არსებული მოცულობისთვის საკმარისია.
„ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე სამი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, რაც სრულად გვყოფნის მიმდინარე წარმოებისთვის. მომავალში კი, როცა HoReCa სექტორში უფრო აქტიურად შევალთ როგორც რესტორნებში, ასევე საცხობებსა და კვების ობიექტებში - წარმოებაც პროპორციულად გაიზრდება. ჩვენი რესურსი ამჟამად დამატებით დატვირთვასაც გაუძლებს“, - განმარტა ბიზნესმენმა.
მარიამ ლებანიძის თქმით, „ლორუკა“ ეტაპობრივად აპირებს გაფართოებას HoReCa მიმართულებითაც, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტ მომხმარებელთან და პარტნიორთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს.
„ჩვენი მიზანია, რომ რაჭული ლორი უფრო ფართო მასშტაბით გავიტანოთ ბაზარზე - არა მხოლოდ პროდუქტის სახით, არამედ კერძების ფორმატშიც. ვფიქრობ, ეს მიმართულება დიდ პოტენციალს გვაძლევს“, - აღნიშნა ლებანიძემ.
ლორის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლორუკა“ რამდენიმე წლის წინ 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა, სადაც ჯერჯერობით მუდმივად 3 ადამიანია დასაქმებული და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქციის შეძენას ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.




























